მარტი 22, 2018. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი საკრედიტო ხაზის EU4Business-EBRD Credit Line საშუალებით, 100-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ ისარგებლა დაფინანსებით, რომლის ოდენობა 60 მილიონ ევროს აჭარბებს.
საქართველოში მოქმედმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მრეწველობის, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის, საკვების, მომსახურეობისა და მედიცინის სექტორებიდან ინვესტიცია განახორციელეს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისთვის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის და პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე წარმოადგნენ. ინვესტიცია გამოიყენეს როგორც ცალკეული დანადგარების შესყიდვისთვის, ასევე კომპლექსური მოდერნიზაციის განსახორციელებლად, რომლის დროსაც კომპანიებმა სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლეს ინჟინრების საერთაშორისო გუნდის ტექნიკური დახმარებით. დაფინანსებული პროექტების ნახევარი განხორციელდა რეგიონებში.
2016 წლის სექტემბერში დაწყებული საკრედიტო ხაზის შედეგები 22 მარტს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა განახილეს.
“მოხარულები ვართ, რომ დღეს ვსაუბრობთ საკრედიტო ხაზის მიღწევებზე, რომელიც ქართულ კომპანიებს ეხმარება შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ სტანდარტებთან, იქნება ეს თხილის წარმოება თუ საგზაო მშენებლობა, ადგილობრივი ნაწარმის წახალისება თუ ექსპორტის გაძლიერება – დღეს წარმოდგენილმა კომპანიებმა გადაწყვიტეს ინვესტირება ევროპულ ხარისხში. და გვიხარია, რომ ამ წარმატების ნაწილი ვართ,” განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში.
საქართველოში ევრობანკი და ევროკავშირი თანამშრომლობენ პარტნიორ კომერციულ ბანკებთან – საქართველოს ბანკთან და თიბისი ბანკთან. სწორედ ამ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებში არის გახსნილი ხაზები კომპანიებისათვის, რათა მათ ინვესტირება მოახდინონ ეფექტურ, თანამედროვე დანადგარებსა და ტექნოლოგიებში, განვითარდნენ საერთაშორისო სტანდარტების კუთხით, მიიღონ უკეთესი წვდომა ევროკავშირის ბაზართან, და ასევე, გაიუმჯობესონ მდგომარეობა ადგილობრივ ბაზარზე.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ასევე მოქმედებს მოლდოვაში და მალე იქნება ხელმისაწვდომი უკრაინაშიც, რომ იქაურმა ადგილობრივმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა სრულად გამოიყენონ ის სარგებელი, რაც თან ახლავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ამ პროგრამის პირველი ფაზა ითვალისწინებს სამივე ქვეყნისათვის განკუთვნილ € 380 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზებისა და სავაჭრო გარანტიებისათვის, რომელსაც ევრობანკი გამოყოფს. ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი €19 მილიონი კი ტექნიკურ დახმარებას და საგრანტო წახალისებას ხმარდება.
ევრობანკი და ევროკავშირი აგრძელებენ თანამშრომლობას პროგრამის მეორე ფაზაში, რომელიც ითვალისწინებს €1.1მილიარდს საკრედიტო ხაზებისა და სავაჭრო გარანტიებისათვის(ევრობანკი), €58.3 მილიონს ( ევროკავშირი) საგრანტო მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას სამივე ქვეყნისათვის.
ცოდნასთან და წარმატებულ გამოცდილებასთან წვდომა არის ევრობანკისა და ევროკავშირის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება. ევრობანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას ევროკავშირის €18 მილიონიანი დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში.

Cookie Consent with Real Cookie Banner